ცვლილებებმა ევროპულ პარტიებში შესაძლოა ევროპარლამენტში ძალთა გადანაწილება შეცვალოს

, par Noah Wheatley

Toutes les versions de cet article : [català] [English] [Español] [suomi] [hrvatski] [magyar] [ქართული] [Português] [română] [slovenčina] [svenska]

ცვლილებებმა ევროპულ პარტიებში შესაძლოა ევროპარლამენტში ძალთა გადანაწილება შეცვალოს
© European Union 2018 - European Parliament

პლატფორმა Europe Elects ევროპაში ჩატარებული მასობრივი გამოკითხვის შედეგებს რეგულარულად აკვირდება. ეროვნულ დონეზე ჩატარებული წარმომადგენლობითი კვლევების მონაცემების გამოყენებით პლატფორმა ცდილობს განსაზღვროს თუ როგორ გადანაწილდება ევროპარლამენტში მანდატები მომავალ წელს გასამართი არჩევნების შედეგად. ნოა უითლი, რომელიც Europe Elects-ის დანიისა და გაერთიანებული სამეფოს მიმართულებას ხელმძღვანელობს, მოსახლეობის გამოკითხვის უახლეს შედეგებს მიმოიხილავს.

ევროპის სახალხო პარტია (EPP) მტკიცე პოზიციებს ინარჩუნებს, თუმცა, მოსალოდნელია, რომ ის მანდატების გარკვეულ რაოდენობას დაკარგავს

Europe Elects-ის უახლესი პროგნოზის თანახმად, ევროპარლამენტში ყველაზე მრავალრიცხოვანი ფრაქცია კვლავ ევროპის სახალხო პარტია იქნება. მოსალოდნელია, რომ პარტიამ ევროპარლამენტში 32 ადგილით ნაკლები მიიღოს, თუმცა 185 მანდატით EPP-ის მაინც შეეძლება შეინარჩუნოს ევროპის პარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობა. EPP-ის წევრების ნაწილი კმაყოფილია იმ ფაქტით, რომ ვიქტორ ორბანმა პარტიისადმი საკუთარი მხარდაჭერის შესახებ განაცხადა. თუმცა, შესაძლოა, ეს პარტიის შიგნით განხეთქილების მიზეზი გახდეს, რადგანაც გაკეთდა განცხადებები ორბანის გარიცხვასთან დაკავშირებით. ამასთან, ევროკავშირის სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტმა ხმა მისცა უნგრეთის საწინააღმდეგო სანქციებს უნგრეთის მთავრობის მიერ სამოქალაქო თავისუფლებებისა და კანონის უზენაესობის პრინციპების დარღვევის გამო, რამაც, შესაძლოა ასევე ხელი შეუწყოს შიდა დაპირისპირებას

სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსი (S&D) მეორე ადგილს დასჯერდება

სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსს მძიმე დრო უდგას. მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანება 141 ადგილით ევროპარლამენტში მეორე ადგილზე დარჩება, სავარაუდოდ 48 ადგილს დაკარგავს. ამის მიზეზია გაერთიანებული სამეფოდან ლეიბორისტი პარლამენტარების დაკარგვა, ასევე ევროპული ქვეყნების უმეტესობაში სოციალ-დემოკრატიული პარტიების პრობლემები. ეს ნათლად ჩანს გერმანიის მაგალითზე, სადაც სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ცუდი შედეგი აჩვენა უკანასკნელ არჩევნებში. თუმცა, ყველაფერი არც ისე ცუდად არის - ესპანეთის სოციალისტური პარტია გამოკითხვის შედეგების თანახმად სულ უფრო პოპულარული ხდება, მას შემდეგ რაც პარტიის ლიდერი პედრო სანჩესი ივნისში ესპანეთის პრემიერ მინისტრი გახდა. ამის გარდა, გამოკითხვის შედეგების მიხედვით სოციალ-დემოკრატები ინარჩუნებენ პირველობას დანიაშიც. როგორც ჩანს, სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსმა წარმატების მისაღწევად უნდა შეისწავლოს თუ როგორ შეინარჩუნეს ამ პარტიებმა პოპულარობას ასეთ დროებაში.

ევროპის ლიბერალ-დემოკრატების ალიანსი (ALDE) წინსვლას განაგრძობს

ევროპის ლიბერალ-დემოკრატების ალიანსის პოპულარობა ევროპაში იზრდება. Europe Elects-ის უკანასკნელი პროგნოზის თანახმად მზარდი მხარდაჭერა დამატებით 42 მანდატში აისახება და საბოლოოდ ევროპარლამენტში ALDE-ს 110 ადგილი ერგება. ამის მიზეზი ესპანეთში Ciudadanos-ს, ხოლო გერმანიაში თავისუფალი დემოკრატიული პარტიის მხარდაჭერის ზრდა შეიძლება იყოს. ზოგადად, ევროპის ლიბერალ-დემოკრატების ალიანსს ნათელი პერსპექტივები აქვს, თუმცა კვლავ გაურკვეველია ემანუელ მაკრონთან და მის პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული საკითხები. მაკრონის გადაწყვეტილება - შექმნას საკუთარი ევროპული პარტია თუ შეერთდეს ALDE-ს - დიდწილადაც განსაზღვრავს ლიბერალ-დემოკრატების მომავალს.

ევროპელმა კონსერვატორებმა და რეფორმისტებმა (ECR) შესაძლოა იხეირონ, თუმცა სავარაუდოა დანაკარგებიც

უახლოესი პროგნოზების თანახმად კონსერვატორებისა და რეფორმისტების გაერთიანებას მძიმე დანაკლისი ელის: არსებული 73 ადგილიდან მას მხოლოდ 44 დარჩება. ECR-ისთვის მძიმე დროება დგას - ბრექსითის შედეგად გაერთიანება ბრიტანელი კონსერვატორების სახით მრავალ ადგილს დაკარგავს. მიუხედავად ამისა, ტრადიციულად კონსერვატიული ფრაქცია ცდილობს მომავალს გაუსწოროს თვალი და ფრაქციაში დანაკლისი შეავსოს. ახლახან ცნობილი გახდა, რომ გაერთიანებამ შეთანხმებას მიაღწია ულტრა-მემარჯვენე, ანტი-იმიგრაციულ პარტია შვედ დემოკრატებთან. ECR-ისთვის ნამდვილი წარმატება იქნება, თუ შვედი დემოკრატები კარგ შედეგს აჩვენებენ შვედეთის არჩევნებში. თუმცა, შეთანხმება გააკრიტიკეს იმ მოტივით, რომ ამ გადაწყვეტილებით ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების კავშირი უფრო მეტად ევროსკეპტიკურ პარტიად გადაიქცევა.

ევროპის მემარცხენეების და სკანდინავიის მწვანეების გაერთიანება (GUE/NGL) მეოთხეა, თავისუფლებისა და პირდაპირი დემოკრატიის ევროპა (EFDD) კი სავარაუდოდ გაქრება.

Europe Elects-ის პროგნოზით მემარცხე GUE/NGL უფრო მძლავრად იქნება წარმოდგენილი მომავალ ევროპარლამენტში, ვიდრე ECR, ENF და EFDD. ევროპის მემარცხენეების და სკანდინავიის მწვანეების გაერთიანება სავარაუდოდ 58 ადგილს მოიპოვებს - უფრო მეტს ვიდრე ECR (44 ადგილი) და EFDD (49 ადგილი), ასევე ოდნავ აჯობებს ENF-ს (52 ადგილი).

მაშინ, როდესაც GUE/NGL-ის საქმე კარგად მიდის, იმავეს ვერ ვიტყვით თავისუფლებისა და პირდაპირი დემოკრატიის ევროპის (EFDD) შესახებ. როგორც ჩანს, მათ 2019 წლის არჩევნებში გადარჩენისთვის ბრძოლა მოუწევთ. ამის მიზეზი არა საპარლამენტო მანდატების დაკარგვა, არამედ პარტიების მიერ გაერთიანების დატოვებაა. როგორც ზემოთ აღინიშნა, შვედი დემოკრატები EFDD-ს რიგებს ტოვებენ და ECR-ს უერთდებიან. როგორც აღმოჩნდა EFDD არც ლუიჯი დი მაიოს “ხუთი ვარსკვლავის მოძრაობისთვის” აღმოჩნდა შესაფერისი - დი მაიოს პარტია ევროკავშირის მიმართ უფრო დადებით განწყობილი აღმოჩნდა, ვიდრე ეს თავიდან ჩანდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ EFDD ვეღარ მოაგროვებს ფრაქციის შესაქმნელად საჭირო მინიმალურ კვოტას - პარლამენტარებს ევროკავშირის მინიმუმ 7 წევრი ქვეყნიდან.

ერებისა და თავისუფლების ევროპა (ENF) გადარჩება

მარინ ლე პენის ულტრა-მემარჯვენე ENF სავარაუდოდ დამატებით 15 ადგილს მოიპოვებს და საბოლოოდ 52 მანდატით იქნება წარმოდგენილი მომდევნო მოწვევის ევროპარლამენტში. ეს 37-ით მეტია 2014 წლის შედეგზე. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ENF მოახერხებს პარლამენტარების შეგროვებას მინიმუმ 7 ევროპული ქვეყნიდან. გაერთიანებას შეუძლია მოიზიდოს წევრები EFDD-დან თუ თავისუფლებისა და პირდაპირი დემოკრატიის ევროპა ნამდვილად დაიშლება. გარდა ამისა, შესაძლოა, ECR-ის ყველაზე მეტად მემარჯვენე პარტიებმა ლე პენის ჯგუფთან გაერთიანება გადაწყვიტონ, თუ გაერთიანება 2019 წლის არჩევნებში ცუდ შედეგს აჩვენებს. ENF-ისთვის იმედისმომცემია სალვინის ლეგა ნორდიც, რომლის პოპულარობაც იტალიაში ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ გაიზარდა.

ევროპელი მწვანეები - ევროპის თავისუფალი ალიანსი (G/EFA) პარლამენტში რჩება

ევროპელი მწვანეები - ევროპის თავისუფალი ალიანსი სავარაუდოდ ევროპარალმენტში დარჩება, თუმცა 34 ადგილით პარლამენტის ყველაზე მცირერიცხოვან ფრაქციად გადაიქცევა. პროგნოზის მიხედვით, გაერთიანება 2014 წელს მოპოვებული 51 მანდატიდან 17-ს დაკარგავს. G/EFA იმედოვნებს, რომ მისი უმსხვილესი წევრი, გერმანული პარტია ალიანსი 90/მწვანეები, დააბრუნებენ პარლამენტში თავიანთ 11 წარმომადგენელს. დამატებით, მწვანეები იმის იმედადაც შეიძლება იყვნენ, რომ მათ პარლამენტარები 13 ქვეყნიდან ჰყავთ - გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე მინიმალური ოდენობა (შვიდი). ამის მიუხედავად, G/EFA-ის მთავარი საზრუნავი მომავალ არჩევნებში დანაკარგების მინიმიზაციაა.

Vos commentaires

modération a priori

Attention, votre message n’apparaîtra qu’après avoir été relu et approuvé.

Qui êtes-vous ?

Pour afficher votre trombine avec votre message, enregistrez-la d’abord sur gravatar.com (gratuit et indolore) et n’oubliez pas d’indiquer votre adresse e-mail ici.

Ajoutez votre commentaire ici

Ce champ accepte les raccourcis SPIP {{gras}} {italique} -*liste [texte->url] <quote> <code> et le code HTML <q> <del> <ins>. Pour créer des paragraphes, laissez simplement des lignes vides.

Suivre les commentaires : RSS 2.0 | Atom